უკრაინული მედია სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტის შესახებ წერს, რომლის დროსაც მოქალაქე სილაგავა დაიღუპა, ინციდენტის მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ
უკრაინული მედია ქალაქ დნიპროში სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტის შესახებ წერს, რომლის დროსაც 38 წლის ჯუმბერ სილაგავა დაიღუპა.
მედია ასევე ავრცელებს ინციდენტის ამსახველ ვიდეოს, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ალექსეი ბილოშიცკიმ გაასაჯაროა.
შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა. როგორც უკრაინული მედია წერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს მანქანა Jaguar-ი, რომელსაც ჯუმბერ სილაგავა მართავდა. ამასთან, სამხრე კამერის ჩანაწერში ჩანს ისიც, რომ უკვე გაჩერებული მანქანის მძღოლის სავარძელში ახალგაზრდა ქალი ზის.
მედიის ცნობით, სამხრე კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ სამართალდამცველებთან საუბრის დროს ჯუმბერ სილაგავა საპატრულო პოლიციას არ ემორჩილება და სამართალდამცველ ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, სამართალდამცველი კი მას შესაძლო დაკავების შესახებ აფრთხილებს. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ისმის გასროლის ხმა. გასროლის შედეგად სილაგავა სასიკვდილოდ დაიჭრა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში ასევე იმყოფებოდა მოკლულის ორი არასრულწლოვანი შვილი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამასთან, ინციდენტის მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. გამოძიების სახელმწიფო ბიურო სამართალდამცველების მიერ ტაბელური იარაღის გამოყენების მართლზომიერებას იძიებს.
დნიპროში მომხდარს გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები. დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, ხელით შეეხოს სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომაც, რომლის თქმითაც, დნიპროში მომხდარი ფაქტი ობიექტურად უნდა შეფასდეს.
„გრძელდება გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ძირითად საკითხებზე, თუმცა არის აშკარა საკითხები. თუ მოქალაქეებს სურთ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, მათ თავადვე უნდა დაიცვან კანონმდებლობა, მოიქცნენ დადგენილი ნორმების შესაბამისად და ცალსახად არ სცემონ პოლიციელებს. მეტიც, უნდა ასწავლონ კანონმორჩილება თავიანთ შვილებს. ეს სიტუაცია არის სერიოზული პრეცედენტი. ჩვენ საომარ დროში ვცხოვრობთ, რომელიც ყოველთვის არ არის სტაბილური, თუმცა ჯერ კონტროლირებადია. კონტროლირებადია სწორედ სამართალდამცველი ორგანოების ძალისხმევის წყალობით“, – აღნიშნა კლიმენკომ.