უკრაინული მედია - რობერტ ფიცომ დენის შმიგალს უკრაინის გავლით რუსული კომპანიის, „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის აღდგენის ტექნიკური გადაწყვეტა შესთავაზა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ტელეფონით უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ესაუბრა და უკრაინის გავლით რუსული კომპანიის, „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის აღდგენის ტექნიკური გადაწყვეტა შესთავაზა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსული ნავთობის ნაწილის ტრანზიტის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია სლოვნეფტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ნავთობის ალტერნატიული წყაროები უფრო ძვირია და, შესაძლოა, ტექნოლოგიურად შეუსაბამო იყოს“, – ხაზგასმით აღნიშნეს სლოვაკეთის მთავრობაში.
უკრაინული მედიის ცნობითვე, სლოვაკეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები უმაღლეს პოლიტიკურ და პროფესიულ დონეზე გაგრძელდება, თუმცა სლოვაკეთის ხელისუფლება პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას არ ამჟღავნებს.
ცნობისთვის, 22 ივლისს უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკომისიას მიმართეს და ნავთობის ტრანზიტის საკითხზე უკრაინასთან კონსულტაციების პროცესში შუამავლობა სთხოვეს. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი დაბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6,5 მილიარდი ევროს გამოყოფას, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიაზე „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს არ დაუშვებს.