უკრაინული მედია ხარკოვსა და ჟიტომირში საჰაერო დარტყმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის ქალაქ ჟიტომირში, უკრაინის სადესანტო ბრიგადის 95-ე სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სახლს ცეცხლი უკიდია. ადგილზე მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა და მსხვერპლთა შესახებ დეტალები უცნობია.
წინასწარი ცნობით, დარტყმა ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ განხორციელდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად იბომბება ხარკოვის რამდენიმე რაიონი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია შს მინისტრის მრჩეველზე ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა სამხედრო სასწავლებელზე, გერაშენკო ვარაუდობს, რომ მტერი სამხედრო საწყობებს უმიზნებდა. მისი თქმით, იარაღი საწყობებიდან დიდი ხნის გატანილია.
კრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ქალაქზე დღის განმავლობაში 16 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დანგრეულია ქალაქის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები და სკოლები. სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე.
ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილ ცეცხლს ბოლო ერთ დღეში, ხარკოვში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულია 37 პირი.