უკრაინული მედია - გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 18 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება მოახერხეს
გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 18 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 16-ის ჩამოგდება მოახერხეს, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკიდან და ჩაუდის კონცხიდან – ყირიმიდან გაუშვეს კიევის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მიმართულებით.
საჰაერო თავდასხმის შედეგად ხმელნიცკის რეგიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი.
ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
მედიის ცნობით, ნიკოლაევის რეგიონზე თავდასხმისას დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ხუთი რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.