უკრაინული მედია - 2017 წელს გიზო უგლავა და დავით საყვარელიძე ოდესის მერს 500 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სთავაზობდნენ
უკრაინული მედია - 2017 წელს გიზო უგლავა და დავით საყვარელიძე ოდესის მერს 500 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სთავაზობდნენ

2017 წელს ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა და ოდესის ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე 500 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სთავაზობდნენ.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, ამის შესახებ საუბარია ოდესის მერის 2024 წლის 10 სექტემბრის დაკითხვის დოკუმენტებში, რომლებიც ყოფილმა დეპუტატმა, იგორ მოსიიჩუკმა გამოაქვეყნა. დაკითხვის ოქმი 2024 წლის 10 სექტემბრით არის დათარიღებული.

დაკითხვის ოქმის თანახმად, გიზო უგლავა სთავაზობდა ტრუხანოვს, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილსა და მის ხალხს, რათა არ ყოფილიყო პრობლემები ე.წ. კრაიანის ქარხნისა და ოდესის აეროპორტის გასხვისების საქმეეში, რომელთა ფიგურანტი იყო ოდესის მერი ტრუხანოვი.

დაკთხვის ოქმის თანახმად, ოდესის მერი გიზო უგლავას 2017 წელს შეხვდა, რა დროსაც ტრუხანოვს უთხრა, რომ მან სისხლის სამართლის მასალები წაიკითხა და იმისთვის, რომ არ შექმნოდა პრობლემები, მიანიშნა, მიხეილ სააკაშვილს და მის ხალხს, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილს, დავით საყვარელიძეს და ვინმე ირაკლის შეხვედროდა.

დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით, ტრუხანოვს დაუკავშირდა ყოფილი დეპუტატი ალექსანდრ გრანოვსკი, რომელმაც ორგანიზება გაუწია მიხეილ სააკაშვლის ხალხთან პოლონეთში შეხვედრას, სადაც დასახელდა ქრთამის ოდენობა.

„მე დავასკვენი, რომ ეს ადამიანები ჩემთან უგლავასგან მოვიდნენ და მისი სახელით მელაპარაკებიან. ზურაბის კითხვაზე მე ვუპასუხე, რომ ვიმუშავებ სამართლებრივ ველში და არ ვიცი რაიმე პრობლემების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა ამით დასრულდა, რის შემდეგაც ჩვენ რესტორნის გასასვლელისკენ დავიძარით. გარეთ გასვლამდე ჩემთან ალექსანდრ გრანოვსკი მოვიდა და მითხრა, რომ საჭიროა 500 ათასი დოლარის მიცემა. ეს თანხა წარიმართება უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროსთან პრობლემების მოსაგვარებლად, ანუ იმისთვის, რომ საქმეს სვლა არ მიეცეს და მე ბრალი არ წამიყენონ. მე ვუპასუხე, რომ სასაუბრო არაფერია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გიზო უგლავა სამსახურებრივი გამოძიების შედეგად უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოცემა „უნიანის“ წყაროების ცნობით, ოდესის მერს, დიდი ხანია, კონფლიქტი აქვს ყოფილ დეპუტატ გრანოვსკისთან და ბიზნესმენ ბორის კაუფმანთან, რომლებიც ოდესის აეროპორტის უკანონო გასხვისების საქმის ფიგურანტები არიან.