უკრაინული კომპანია GMK Center-ის ცნობით, ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა
ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი განხორციელდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საკონსულტაციო კომპანია GMK Center-ი ავრცელებს, რომელიც ევროსტატის მონაცემებს ეყრდნობა.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, 2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირში განხორციელდა 2,87 მილიონი ტონა რუსული წარმომავლობის მეტალურგიული ნედლეულის იმპორტი. იმპორტის ძირითადი მოცულობა ნახევარფაბრიკატებზე მოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველს ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს 1,71 მილიონი ტონა ლითონის ფილა, აქედან ყველაზე მეტი ბელგიამ, იტალიამ, დანიამ და ჩეხეთმა.
იმპორტის მოცულობის დიდი ნაწილი რუსულ თუჯზე მოდის, რომელსაც ძირითადად იტალიასა და ლატვიაში ყიდულობენ. ასევე, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში 2024 წლის პირველ ნახევარში 74,3%-ით გაზრდილია რუსეთიდან ფეროშენადნობების იმპორტი.
„რუსული მწარმოებლები პროდუქციას მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სთავაზობენ და ქარხნების უმეტესობა ამაზე დამოკიდებულია. ამას გარდა, სასანქციო პაკეტები არ მოიცავს ასეთ იმპორტზე სრულ აკრძალვას. ფილების შემთხვევაში, ევროკომისიამ გადაწყვიტა, შეასუსტოს შეზღუდვები და დაუშვას რუსეთიდან იმპორტის გაგრძელება. არსებობს რისკი, რომ ამ შემთხვევას გამოიყენებენ რუსეთიდან თუჯის იმპორტზე შეზღუდვების მოსახსნელადაც. ამავე დროს, უკრაინას, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ჩაანაცვლოს რუსული მწარმოებლების პროდუქცია ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადეს GMK Center-ში.