უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი პირველ ჩრდილოკორეულ სამხედრო დანაყოფებს საბრძოლველად 27-28 ოქტომბერს გაუშვებს
უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი პირველ ჩრდილოკორეულ სამხედრო დანაყოფებს საბრძოლველად 27-28 ოქტომბერს გაუშვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ მას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან სამხედროების მოზიდვის შესახებ. დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ზონებში რუსეთის ჩრდილოკორეელ სამხედროებს უკვე 27-28 ოქტომბერს გამოიყენებს. ზელენსკი ამას რუსეთის მხრიდან აშკარა ესკალაციურ ნაბიჯად აფასებს.
„მსოფლიო შეძლებს, მკაფიოდ დაინახოს, თუ რა სურს სინამდვილეში რუსეთს – ეს არის ომის გაგრძელება. სწორედ ამიტომ საჭიროა მსოფლიოს ლიდერების პრინციპული და ძლიერი რეაქცია. საბრძოლო მოქმედებებში ჩრდილოეთ კორეის ფაქტობრივ ჩართვას უნდა მოჰყვეს პასუხი არა დახუჭული თვალებისა და დაბნეული კომენტარების სახით, არამედ როგორც მოსკოვზე, ისე ფხენიანზე საგრძნობი ზეწოლა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.
23 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკვე რუსეთში იმყოფებიან.