უკრაინული ავიაკომპანია თბილისისა და ბათუმის შემდეგ ფრენებს ქუთაისში იწყებს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 4 ივნისიდან ოპერირებას უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაი აფ ეარლაინსი“ (SKY UP AIRLINES) იწყებს.
პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან ოდესისა და ხარკოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 შესრულდება.
ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
კომპანიის გენერალური დირექტორის, ევგენი ხაინადსკის განცხადებით, ოდესიდან და ხარკოვიდან ფრენები ქუთაისში მთელი წლის განმავლობაში შესრულდება და ზამთარში უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს ესტუმრონ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს სტრატეგია, რომ დაბალბიუჯეტიანი მიმართულებით რეგიონის ცენტრი გახდეს.
„მოხარული ვართ, რომ ქუთაისში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს. ჩვენი სტრატეგიაა, ქუთაისიდან რაც შეიძლება მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი განხორციელდეს, რათა არა მარტო ტურისტებს ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსვლის საშუალება, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაი აფ ეარლაინსი“ 2016 წელს დაფუძნდა და ფრენები 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი – რეგულარულ რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.