უკრაინული მედია წერს, რომ პეტრო პოროშენკო გენერალური პროკურორის ოფისში შეიჭრა [ვიდეო]
00:26, 11.06.2020
უკრაინულ მედია ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი მხარდამჭერების გენერალური პროკურორის ოფისში შეჭრის კადრები ვრცელდება.
უკრაინის რიგით მეხუთე პრეზიდენტმა გენერალური პროკურორ ირინა ვენედიქტოვასთან შეხვედრა მას შემდეგ მოინდომა, რაც რამდენიმე საათით ადრე, პროკურატურის თანამშრომლები მისთვის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ოფიციალური წერილის გადაცემას შეეცადნენ.
პეტრო პოროშენკოს ადვოკატის განმარტებით, მსგავსი შინაარსის წერილის გადაცემის უფლებამოსილება დეპუტატის მანდატის მქონე პირისთვის მხოლოდ ქვეყნის გენერალურ პროკურორს აქვს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ის გენერალურ პროკურორს 40 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა, რის შემდეგაც ირინა ვენედიქტოვამ ოფისი დატოვა.
პოროშენკოს განმარტებით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის დროს, მათ სურდათ იმის დემონსტრირება, რომ ისინი გამოძიებისთვის თავის არიდებას არ ცდილობენ. დეპუტატებმა მოითხოვეს მათთვის წარმოედგინათ მტკიცებულებები.
„თუ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფო ძალაუფლების მიტაცებას თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებით ცდილობდა, როდესაც ნიშნავდა ამა თუ იმ შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელობას, ეს სხვა არაფერია თუ არა ოპოზიციის დევნა“, – განაცხადა პროკურატურის დატოვების შემდეგ პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების ბიუროში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე იძულებითი წესით დაკითხვაზე იყო დაბარებული. გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკოსთვის კითხვები საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უნდა დაესვათ, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა. თუმცა, ადგილზე მისულ ექსპრეზიდენტისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ წერილის გადაცემას შეეცადნენ.