უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული არტილერიის გამოყენების ნებართვის მიუხედავად, აშშ „ატაკამსის“ რაკეტების გამოყენებას გამორიცხავს
აშშ-მა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის ამერიკული არტილერია და „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემა გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, შეიარაღების გამოყენება ხარკოვის ოლქის მიმდებარე რაიონებში უნდა მოხდეს, საიდანაც უკრაინის ხარკოვის რეგიონს ესხმიან თავს.
„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონი მაინც გამორიცხავს უკრაინის საზღვრებს მიღმა შორ მანძილზე მოქმედი „ატაკამსის“ რაკეტების გამოყენებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა. მისი განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებართვით, უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება შეუძლია რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხარკოვს უტევდნენ.