უკრაინისა და საქართველოს მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინა და საქართველო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უკრაინაში საქართველოს ელჩთან გელა დუმბაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების უწყებათშორისი ეფექტური თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი, საპოლიციო დონეზე.
„ჩვენმა მეგობარმა ერებმა სირთულეები ერთად უნდა გადალახონ. უკრაინისა და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ეფექტური მუშაობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების მიერ უდავოდ დადებითად იქნება აღნიშნული“, – განაცხადა ავაკოვმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულება მართვის მოწმობების აღიარებასთან ერთად არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის ურთიერთქმედების მექანიზმების ოპტიმიზაცია.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა თქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი პარტნიორული ურთიერთობების მტკიცებულებაა.