უკრაინის წარმომადგენელი - რუსეთი არღვევს ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ და უკან დავიხიოთ აგრესიის წინაშე
რუსეთი თავისი ქმედებებით არღვევს ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებს და მას მტვრად აქცევს, – ამის შესახებ უკრაინის წარმომადგენელმა რეფატ ჩუბაროვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
„ჩვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭიროა, მოვახერხოთ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება. შეგახსენებთ მხოლოდ ერთ პუნქტს 2014 წელს ბაქოში მიღებული რეზოლუციიდან, სადაც წერია, რომ 2014 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან მიმართებით დაარღვია თითოეული პრინციპი ჰელსინკის 10-ვე პრინციპიდან, რამდენიმე მათგანი კი აშკარა, უხეში და გამოუსწორებელი გზით. აგრეთვე უგულებელყო ბუდაპეშტის მემორანდუმით და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით აღებული პასუხისმგებლობები“, – აღნიშნა რეფატ ჩუბაროვმა.
უკრაინის წარმომადგენლის განმარტებით, ბაქოს რეზოლუციიდან ოთხი წელი გავიდა, რუსეთმა კი, რომელიც ეუთო-ს ფორმატების მონაწილეა, ამ დროის განმავლობაში არ გამოასწორა არც ერთი 10 დარღვეული პრინციპიდან, რომელიც ორგანიზაციის საფუძველში დევს.
„მესმის სიტუაციის განსაკუთრებული სირთულე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით არღვევს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს და მას მტვრად აქცევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ და უკან დავიხიოთ იმ აგრესიის წინაშე, რომელსაც შეუძლია, მთელი რეგიონი კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანოს. რუსეთის საოკუპაციო მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ რეპრესიების გზით განდევნონ ყირიმელი თათრები ადგილიდან. ფაქტობრივად, აკეთებენ იმავეს, რაც გააკეთა სტალინმა 1944 წელს, ყირიმიდან მისი მკვიდრების განდევნის დროს. ჩვენ რეზოლუციის კენჭისყრისას თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა რეფატ ჩუბაროვმა.