უკრაინის ვიცე-პრემიერი - ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში შენგენის ზონაში შესვლის შესაძლებლობის განხილვას აპირებს
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში შენგენის ზონაში შესვლის შესაძლებლობის განხილვას აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ესტონეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
ამასთან, ვიცეპრემიერის თქმით, უკრაინა ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმის განხორციელებაში.
კლიმპუშ-ცინცაძემ ასევე ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორებისთვის თანამშრომლობის უფრო მოწინავე მოდელების დანერგვის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებაში პროგრესს მიაღწევენ.
„ინიციატივამ „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი“ უნდა მიიღოს პრაქტიკული საფუძველი. არსებული პროგრამის მონაწილე ქვეყნებს სურთ, მიიღონ წვდომა ევროკავშირის „ოთხი თავისუფლებისადმი“, კერძოდ, ტვირთების, მომსახურების, ადამიანებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებისადმი“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.