უკრაინის ვიცე-პრემიერი - მჯერა, დადგება დრო, როდესაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები
უკრაინის ვიცე-პრემიერი - მჯერა, დადგება დრო, როდესაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები

რუსეთის მთავარი მიზანი ქაოსის შექმნაა, ასე უნდა გავიგოთ რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართული დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ სირთულეების მიუხედავად, დადგება დრო, როდესაც  საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

„რა არის რუსეთის მთავარი მამოძრავებელი ძალა – დესტაბილიზაცია და დაყოფა. მათი მიზანი ქაოსის შექმნაა, ასე უნდა გავიგოთ რუსეთის ფედერაცია. სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის მზად არის.

მიუხედავად ამ სირთულეებისა, მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რადგან ალიანსი დარწმუნდება, რომ ეს ქვეყნები დესტაბილიზაციას კი არ ახდენენ, არამედ მოაქვთ პოზიტიური გავლენა.

ვფიქრობ, ამ მისწრაფებებში უარი არ უნდა გვეთქვას იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციას ასე არ სურს. გვინდა ამ ოჯახის წევრობა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

მისი თქმით, სჯერა, რომ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ქვეყნებისთვის, არამედ მეგობარი სახელმწიფოებისთვისაც.

„გვესმის, რომ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსს აქვს ბევრი გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებში ცვლილებები არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მეგობრებისთვისაც. სწორედ ამ გააზრებით ვმუშაობთ და ვცვლით ჩვენს ქვეყნებს, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში. თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს სათანადოდაა შეფასებული, რომ ისეა აღქმული ჩვენ მირ მიღებული არჩევანი, როგორც ვისურვებდით“, – განაცხადა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.