უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე და რუსეთის ციხეებში 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება
უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე და რუსეთის ციხეებში 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იმყოფება

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე და რუსეთის ციხეებში იმყოფება 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ათასზე მეტი სამოქალაქო პირი. ამის შესახებ ირინა ვერეშუკმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ათასზე მეტი სამოქალაქო პირი რუსულ ციხეებში იმყოფება. ჩვენი 700 სამხედრო იმყოფება რუსეთის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებისა და ყირიმის ციხეებში“, – განაცხადა ვერეშუკმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველაზე მეტად მას ქალების ბედი აღელვებს, რადგან რუსეთის ძალების მიერ დაპატიმრებულებს შორის 500-ზე მეტი ქალია. მისი ცნობით, არის ინფორმაცია დაკავებულ უკრაინელ ქალაქებზე სექსუალური ძალადობის შესახებ.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერნი და ამტანნი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ აბსოლუტური ბოროტება მუშაობს. ეს არის ბოროტება, რომელიც იკვებება სისუსტით. მათ ჩვენი დაშინება სურთ. სურთ, რომ ვიტიროთ და მოვიქცეთ, როგორც მსხვერპლი. თუმცა, ჩვენ არ ვართ მსხვერპლი. ჩვენი გოგოები და ქალები არ არის მსხვერპლი. ისინი გვთხოვენ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ვერეშუკმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამჟამად ალყაშემორტყმულ მარიუპოლში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი რჩება.

„მანამდე იყო საევაკუაციო მატარებლები და ხალხი მათ იყენებდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ მარიუპოლში იმყოფებოდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას არ შეეძლო მატარებლის გამოყენება. თუმცა, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილენკომ გაუწია საევაკუაციო მატარებლების ორგანიზებას და მოსახლეობის ნაწილმა ქალაქის დატოვება შეძლო, მაგრამ ამ დრომდე, როგორც ვიცი, გამოსვლას ვერ ახერხებს 100 ათასი ადამიანი. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, – აღნიშნა ირინა ვერეშუკმა.