უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ კიევი ევროკავშირის შვიდივე რეკომენდაციას ოქტომბრისთვის სრულად არ შეასრულებს, თუმცა ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მაინც დაიწყება
ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ კიევი ევროკავშირის შვიდივე რეკომენდაციას სრულად არ შეასრულებს, თუმცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაინც დაიწყება.
„ოქტომბერში ჩვენ ვერ მოვისმენთ, რომ 7-ივე რეკომენდაცია 100 პროცენტით შესრულდა, რადგანაც ეს მასშტაბური სამუშაოა, რასაც წლები დასჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
თუმცა, მისივე განმარტებით, ოქტომბრამდე უკრაინა მიიღებს ყველა შეთანხმებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ცვლილებას.
სტეფანიშინას თქმით, ზოგიერთი რეფორმის, კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმის შესრულების პროცესში უკრაინას ახალი ამოცანები უჩნდება.
„ჩვენი ამოცანაა, ეს ახალი ამოცანები არ გადაიქცეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინაპირობებად“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
უკრაინის ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება წლის ბოლომდე იქნება მიღებული.