უკრაინის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურები მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან კავშირს უარყოფენ
უკრაინის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობასთან კავშირს უარყოფენ. როგორც გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა განაცხადა, ამ თემაზე მისთვის არაფერია ცნობილი.
„პირველ რიგში, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს სპეცრაზმი არ ჰყავს. მეორეც, ჩვენ ვმუშაობთ არალეგალურ მიგრანტებთან, თუმცა დღეს ჩვენი თანამშრომლები იმ სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არ ყოფილან“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერი ოლეგ სლობოდიანი.
უწყების წარმომადგენელს ეჭვი ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად სამართალდამცველებიდან სასტუმროში ვინმე შესულიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ელენა გიტლიანსკაიას თქმით, სააკაშვილის დასაკავებლად „ალფას“ მისვლის შესახებ ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“.
უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ზემოთხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასტუმროში „ალფა“ არ გაუგზავნიათ.
„დადგენილების აღსასრულებლად „ალფას“ სპეციალური დანაყოფის გამოყენება სხვადასხვა ორგანოს შეუძლია“ – აცხადებს უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი ელენა გიტლიანსკაია.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცა ვრცელდებოდა.
უმაღლესი რადას დეპუტატ იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი ნამდვილად იმყოფებოდა. დერევიანკოს თქმით, მათ სააკაშვილის დაკავება სურდათ.
სასტუმროსთან „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა.
ცოტა ხნის წინ, პარტია „ბატკივშინას“ წევრმა, დეპუტატმა იგორ ლუცენკომ, „ალფას“ მიერ სააკაშვილის აყვანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
რამდენიმე წუთით ადრე კი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ფეისბუქში წერდა , რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა. საყვარელიძე მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.