უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა ოთხ საათს გაგრძელდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სამმართველოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც სააკაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვა პოლიტიკურ აქციებს უკავშირდებოდა. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ 11 იანვრიდან უკრაინის რეგიონებში მოგზაურობას იწყებს, თუმცა დაკითხვებზე გამოცხადდება.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და სასამართლო პროცესები მის პოლიტიკურ აქტივობას ვერ შეაფერხებს.
„მათ ამით უნდათ, ჩვენ პოლიტიკური აქციებიდან ყურადღება გადაგვატანინონ. მე პოლიტიკური აქციებიდან ყურადღების გადატანას არ ვაპირებ. ხვალიდან ვაპირებ ქვეყანაში მოგზაურობას, ახალი ხელისუფლებისთვის ხალხის შერჩევის დაწყებას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას სხვა მეთოდებით მართავენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციების მონაწილეების ხელშეწყობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს.
ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მორიგ დაკითხვაზე 16 იანვარს არის დაბარებული.