უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთი ბელარუსში, სტრატეგიულ ობიექტზე ტერაქტს გეგმავს, რათა თავდასხმა უკრაინას დააბრალოს
რუსეთი ბელარუსში ტერაქტს გეგმავს სტრატეგიულ ობიექტზე, რათა თავდასხმა უკრაინას დააბრალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ტერორისტულ თავდასხმას ამზადებს რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო პერსონალისა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე გაგზავნეს, როგორც „ვაგნერელები“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იგეგმება, რაც რუსეთის მხრიდან ბელარუსის სრულმასშტაბიან ომში ჩათრევას ისახავს მიზნად.
ბელარუსში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წყაროდან მიიღო. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში დააკავეს.