უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რადას წინაშე გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ თვალთვალთან დაკავშირებული შეცდომა აღიარა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა უკრაინის რადას წინაშე გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ თვალთვალთან დაკავშირებული შეცდომა აღიარა. მალიუკის თქმით, ცალკეული თანამშრომლების ქმედებები ვერ უარყოფს ყველა იმ პოზიტიურ შედეგს, რასაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ომის მიმდინარეობისას მიაღწია და ჩრდილს ვერ მიაყენებს სამსახურის ყველა წარმომადგენელს, თუმცა აუცილებლად უნდა დაისაჯონ შესაბამისი პირები ნებისმიერი უკანონო ქმედებისთვის.
„სამწუხაროდ, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებამ გამოიწვია არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებაში ერთ-ერთი რედაქციის მონაწილეობის შესახებ, არამედ ვიდეომასალის საჯაროდ გავრცელებაც“, – აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მალიუკი აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების ქმედებები აღმაშფოთებელია. მისივე თქმით, ასეთი ქმედება მიუღებელია და ამას უკვე მოჰყვა რეაგირება, კერძოდ 31 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი რომან სემენჩენკო.
მალიუკმა აღნიშნა, რომ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში ყველა მედიასაშუალებამ თავისუფლად იმუშაოს, რადგან სიტყვის თავისუფლება და მედიის დამოუკიდებლობა მისთვის მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამით განსხვავდება უკრაინა რუსეთისგან.
შეგახსენებთ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ პროექტის რედაქტორისა და ჟურნალისტის, ალისა იურჩენკოს განცხადებით, ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა. 16 იანვარს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „ბიჰუს ინფოს“ თანამშრომლები, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდნენ.