უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვერტმფრენის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსიას განიხილავს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე წარმოება დაიწყო. როგორც უკრაინული მედია წერს, ძირითად ვერსიებს შორის არის ფრენის წესების დარღვევა, ტექნიკური გაუმართაობა და გამიზნული ქმედებები.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დაიწყეს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე წინასწარი გამოძიება. ახლა განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია, მათ შორის ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, სატრანსპორტო საშუალების განადგურების გამიზნული ქმედებები“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ვერტმფრენის კატასტროფას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან სამი ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 30 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. დაღუპულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.