უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის მხრიდან ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და რუსების მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის ფონზე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და რუსების მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს.
„საერთაშორისო სამართლის ნორმებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში. ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს. ამიტომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსია – გამოუცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის.