უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ ხომალდებზე სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ
რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ ხომალდებზე სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში უკრაინის ხომალდებს რუსეთის უშიშროების სამსახური საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით დაესხა თავს და უკრაინის მოქალაქეები დააკავა.
„უკრაინის სპეციალური სამსახურების თანამშრომლები სამსახურებრივ დავალებას ასრულებდნენ, რომელიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დანაყოფის კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ეს გათვალისწინებულია უკრაინის კანონში „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის“ შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის დროს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა უკრაინის კატარღების წინააღმდეგ ორი უმართავი რაკეტა გამოიყენა, შედეგად კი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა.
23 უკრაინელი სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამ დრომდე რუსეთს ჰყავს დაკავებული. ინციდენტი ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს მოხდა.
უკრაინის სამი კატარღა ოდესის პორტიდან, მარიუპოლის პორტისკენ გადაადგილდებოდა, ქერჩის სრუტეში კი მათ რუსეთის სამხედრო ხომალდები დაესხა თავს და ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება 6-მა ადამიანმა მიიღო.