უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მითვისებულია ჯარისთვის სურსათის შესაძენად გამოყოფილი 3 მილიონი დოლარი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჯარისთვის განკუთვნილი სურსათის შესაძენად გამოყოფილი 3 მილიონი დოლარის მითვისების შესახებ იუწყება.
როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, გამოვლენილია მასშტაბური კორუფციული სქემა, რომლის ფარგლებში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების შესაძენად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 მილიონი დოლარის უკანონოდ მიტაცების ფაქტი გამოვლინდა.
გამოძიების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი კომერციული სტრუქტურის ხელმძღვანელებთან გააფორმეს შეთანხმება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილებში სურსათის მიწოდებას ითვალისწინებდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გარკვეული მოცულობის სურსათის მიწოდების ნაცვლად, სქემის მონაწილეები სახსრებს ითვისებდნენ აფილირებული ფირმების დახმარებით“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან ერთად, კიევის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური, რომელმაც უკანონოდ მიიტაცა 2,4 მილიონი გრივნა, რომელიც ამავე ნაწილში დისლოცირებული სამხედროების კვებაზე უნდა დახარჯულიყო.
შეგახსენებთ, რომ იანვარში უკრაინულმა გამოცემა „ზერკალო ნედელიმ“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ სურსათს 2-3-ჯერ ძვირად ყიდულობდა.
ამის შემდეგ აუდიტორებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შემოწმება დაიწყეს.
კორუფციული სკანდალების ფონზე თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.