უკრაინის უმაღლესმა რადამ რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. შესაბამის დადგენილებას 281-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კენჭისყრამდე პარლამენტარებს გადასცეს გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მხარდაჭერის წერილები.
რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონპროექტების პაკეტი რადას ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აგვისტოს წარუდგინა, რაც ნიშნავს უკრაინის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სრულ გაწევრიანებას.
უკრაინა რომის სტატუტის რატიფიცირებას იმ პირობით ახდენს, რომ რატიფიცირებიდან შვიდი წლის განმავლობაში ქვეყანა არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას თავისი მოქალაქეების მიმართ რომის სტატუტის მერვე მუხლით (სამხედრო დანაშაული) გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
რომის წესდება ანუ რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, 124 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. დოკუმენტი ხელმოწერილი და რატიფიცირებული არ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი. რუსეთმა და აშშ-მა რომის სტატუტს ხელი მოაწერეს, თუმცა შემდგომ თავიანთი ხელმოწერები გაიწვიეს.
უკრაინამ რომის სტატუტს 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე ის რატიფიცირებული არ ჰქონდა.