უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალ მინისტრთა კაბინეტს 277 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საჭირო იყო სულ მცირე 226 ხმა. კანონმდებლებმა შმიგალის მიერ წარდგენილ 13 კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ვადიმ პრისტაიკო დაინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად, ალექსეი რეზნიკოვი კი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად.

ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ, ასევე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოტოვმა.

დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ანდრეი ტარანს და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ დმიტრი კულებას.

ახალ კაბინეტში ჯერ ვაკანტურია ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურის მინისტრის თანამდებობები.