უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე იმსახურონ
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, კონტრაქტით იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 276-მა დეპუტატმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებს ბევრი უცხოელი შეუერთდა და მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ უნარი, ეფექტურად შეასრულონ რთული ამოცანები საბრძოლო ველზე.“
„დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და რომელიც ხსნის გზას იმ უცხოელების რაოდენობის გაზრდისკენ, რომლებიც კონტრაქტით იმსახურებენ ოფიცრის თანამდებობებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სპეციალურ სატრანსპორტო სამსახურსა და ეროვნულ გვარდიაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უმეროვის თქმით, მანამდე უცხოელებს შეეძლოთ, მხოლოდ რიგითი ჯარისკაცისა და სერჟანტის თანამდებობებზე ემსახურათ.
„ახალი კანონი აძლიერებს ჩვენი არმიის პოტენციალს“, – აღნიშნა უმეროვმა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობა წარმოიშვა საბრძოლო შეხების ხაზზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო შემადგენლობის მნიშვნელოვან გაზრდას მოითხოვს.