უკრაინის უმაღლესმა რადამ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იგორ უმანსკის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას 249 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ილია ემეცის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნას 271 დეპუტატმა მისცა ხმა.
ამასთან, ორივე მინისტრის პოსტებზე წარდგენილმა კანდიდატებმა კენჭისყრისას საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს.
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე სერგეი მარჩენკო, ხოლო ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელად მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურა იყო წარდგენილი.
ენერგეტიკის მინისტრად ოლგა ბუსლავეცის დანიშვნის საკითხი კი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნეს.
ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გასულ კვირას გავრცელდა.
იგორ უმანსკიმ და ილია ემეცმა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების თანამდებობები 4 მარტს დაიკავეს, როდესაც რადამ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და ფინანსთა უწყებების ხელმძღვანელთა გათავისუფლება უკრაინაში კორონავირუსის გავრცელებისა და ამით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოხდა.