უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იტყობინება, კულებას გადადგომას 240-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.
ანდრეი სიბიგა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელზეც 2024 წლის ივლისში დაინიშნა. 2021-2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, მანამდე კი, 2016-2021 წლებში თურქეთში უკრაინის ელჩი.
5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას. წინა დღით გამართული კენჭისყრისას ვერეშჩუკის გადაყენების ინიციატივამ საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ დააგროვა.
მანამდე, ერთი დღით ადრე უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომას.