უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი არ განიხილა
უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გადადგომის განაცხადი არ განიხილა. პარლამენტის სხდომა უკვე დაიხურა.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნაკის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე საკადრო ცვლილებების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრის, კულებას გათავისუფლების საკითხი „სასწრაფოდ გადადეს“. საკითხის განხილვის გადადების მიზეზი უცნობია.
მანამდე, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას, იუსტიციის მინისტრის, დენის მალიუსკას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, რუსლან სტრელეცისა და მრეწველობის მინისტრის, ალექსანდრ კამიშინის გადადგომას.
ამასთან, დეპუტატებმა არ დაამტკიცეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის, ირინა ვერეშუკის და სახელმწიფო ქონების ფონდის თავმჯდომარის, ვიტალი კოვალის გადადგომა – მათი განაცხადების დამტკიცებას რამდენიმე ხმა დააკლდა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას ახალი ენერგია სჭირდება და საკადრო ცვლილებები დაკავშირებულია სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის გაძლიერებასთან. მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია გამონაკლისი არ იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით, კულებას, შესაძლოა, ევროკავშირსა ან ნატო-ში უკრაინის წარმომადგენლობაში პოსტი ან ბელგიასა და ლუქსემბურგში ელჩის თანამდებობა შესთავაზონ.