უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მმართველი პარტიის დეპუტატის, ანდრეი ოდარჩენკოს მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი ოდარჩენკოს მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოსყიდვის მცდელობა.
უკრაინულ მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრალდებულმა დეპუტატმა, სავარაუდოდ, უკრაინა დატოვა.
ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა ოდარჩენკოს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 18 სექტემბერს ბრალდებული არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი დაკითხვა იყო დაგეგმილი. ბრალდებულის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის და მასთან კომუნიკაცია არ აქვს.
ანდრეი ოდარჩენკოს ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბრალი 2023 წლის ნოემბერში წარუდგინეს. გამოძიების ცნობით, ის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, მუსტაფა ნაიემის მოსყიდვას ცდილობდა. კერძოდ, დეპუტატი მას ქრთამს სთავაზობდა შეიარაღებული აგრესიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდიდან თანხის გამოყოფის სანაცვლოდ იმ უნივერსიტეტის შენობის რემონტისთვის, სადაც ოდარჩენკო რექტორის თანამდებობას იკავებდა.
გასული წლის ნოემბერშივე დეპუტატი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ოდარჩენკოს ქვეყნიდან გასვლა ჰქონდა აკრძალული და კონტროლის ელექტრონული საშუალების ტარება ევალებოდა.