უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია „ევროპული უკრაინა“ დაიშალა.
უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო კოალიციდან ფრაქცია „სახალხო ფრონტი“ გავიდა. ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად დეპუტატებს 30-დღიანი ვადა აქვთ.
როგორც ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, მაქსიმ ბურბაკმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ახალი გარემოებები ძალთა მაქსიმალურ კონსოლიდაციას მოითხოვს, რისთვისაც საჭიროა ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და ახალი კოალიცია.
ბურბაკის თქმით, მმართველმა კოალიციამ უკვე შეასრულა თავისი ამოცანა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ პარლამენტმა ქვეყანაში იმაზე მეტი ცვლილება განახორციელა, ვიდრე წინა წლებში. ახლა კი, ქვეყნის წარმატებისთვის საჭიროა ყველა ძალის მობილიზება.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ მოქმედი კოალიციიდან გასვლის შესახებ. ვაცხადებთ 2019 წლის 17 მაისიდან კოალიცის საქმიანობის შეწყვეტისა და ახალი დღის წესრიგით ახალი კოალიციის ჩამოყალიბების ინიციატივის შესახებ“, – განაცხადა ბურბაკმა.
„სახალხო ფრონტი“ რადაში წარმოდგენილ ყველა ფრაქციას ახალი კოალიციის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. „სახალხო ფრონტში“ მიიჩნევენ, რომ ახალი კოალიცია ახალი სამოქმედო გეგმის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს.
მაქსიმ ბურბაკის განცხადებით, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინელები ახალარჩეული პრეზიდენტისა და ახალი პარლამენტისგან გადამწყვეტ ნაბიჯებსა და ცვლილებებს ელოდებიან.
მისი თქმით, ამავე პერიოდში პარლამენტმა და პრეზიდენტმა უნდა განახორციელონ საკონსტიტუციო ცვლილებები. კერძოდ, უმაღლეს რადაში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასთან, პრეზიდენტისთვის, კანონმდებლებისა და მოსამართლეების იმუნიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით.
რადას თავმჯდომარე ანდრე პარუბიმ „სახალხო ფრონტის“ გადაწყვეტილებას სამწუხარო ამბავი უწოდა.
„გაცნობებთ, რომ დღეიდან მერვე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კოალიცია „ევროპულმა უკრაინამ“ საქმიანობა შეწყვიტა“, – განაცხადა პარუბიმ.
მან ასევე ყველა ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგებლებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.
„მოდი ვაღიაროთ, რომ ეს იყო კარგი კოალიცია. გილოცავთ ყველას ერთობლივ მუშაობას“, – განაცხადა უმაღლესი რადას სპიკერმა.
უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება.
უკრაინული მედიის ცნობით, „სახალხო ფრონტის“ გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვეღარ დაითხოვს უმაღლეს რადას, ვინაიდან პარლამენტის დათხოვნა 27 მაისამდეა შესაძლებელი. ამგვარად, მერვე მოწვევის რადა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2019 წლის 27 ოქტომბრამდე იმუშავებს.