უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირმა კიდევ რვა პირს სანქციები დაუწესა
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირმა კიდევ რვა პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ მოსამართლეები, პროკურორები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში რუსული კანონების აღსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პირებმა მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, დევნიან ან ჩაგრავენ ყირიმის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მოწინააღმდეგეებს.
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირს სულ 185 პირზე და 48 გაერთიანებაზე აქვს დაწესებული სანქციები. სანქციები გულისხმობს იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში აქტივების გაყინვას და ეკონომიკური ბლოკის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვას, მათ შორის ტრანზიტულ გადაადგილებას.