უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული პირების სამხედრო სამსახურში გაწვევა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული პირების სამხედრო სამსახურში გაწვევა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებული პირების მობილიზება.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დმიტრი ლაზუტკინმა განაცხადა, დაავადების სპეციფიკიდან და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობის ძირითადი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, თითოეული შემთხვევა ფასდება ცალკე.

„მაგალითად, აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობა ფასდება იმის საფუძველზე, რამდენად ახდენს დაავადება გავლენას სამხედრო ამოცანების შესრულების შესაძლებლობაზე“, – აღნიშნა ლაზუტკინმა.

მისი განმარტებით, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისიანობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. კერძოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან აივ ინფექციის უსიმპტომო მატარებლები.

„ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება, დაიცვან საკუთარი ქვეყანა და შეუძლიათ ამის გაკეთება“, -განაცხადა ლაზუტკინმა.

ლაზუტკინის განმარტებით, მკაფიო კრიტერიუმებია გაწერილი ტუბერკულოზით დაავადებული პირებისთვისაც.

„აქტიური ტუბერკულოზი მიკრობაქტერიების გამოყოფით ან ფილტვების ქსოვილთა დაშლით – ეს ნამდვილად ადამიანს ხდის სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად. ასეთი ადამიანები ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნას“, – აღნიშნა თავდაცვის უწყების სპიკერმა.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ჯარში თუ გაიწვევენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ ექვემდებარებიან სამხედრო გაწვევას, ეს არის თავდაცვის სამინისტროს განკარგულების დარღვევა. ასეთ შემთხვევებზე პასუხისმგებლობა სამხედრო-სამედიცინო კომისიების ექიმებს ეკისრებათ, რომლებიც სამედიცინო შემოწმებას წარმოებენ.

„ამ ნორმების დარღვევამ შეიძლება, სულ მცირე, სამხედრო ნაწილების არასწორი დაკომპლექტება გამოიწვიოს და ძალიან ნეგატიურად აისახოს თავდაცვისუნარიანობაზე“, – აღნიშნა ლაზუტკინმა.