უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან ბოლო რამდენიმე დღეში 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბახმუტთან ბოლო რამდენიმე დღეში 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ბახმუტის გარეუბანში, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ქალაქ ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით“, – წერს ანა მალიარი საკუთარ ტელეგრამარხზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტში მძიმე ბრძოლები გრძელდება და ამ ბრძოლებს სხვადასხვა შედეგები აქვს.