უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით სამი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით სამი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ მალიარმა სამხედრო მედიაცენტრში განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე სულ გათავისუფლებულია 40 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.
ანა მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას რუსეთის ძალები ცდილობდნენ კლეშეევკის, ანდრეევკისა და კურდიუმოვკის დასავლეთით რაიონებში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ამას გარდა, თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებს წარმატება აქვთ სამხრეთ ფრონტზე, დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოეში. ასევე, უკრაინელი სამხედროები შეტევას აწარმოებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.
ამასთან, ანა მალიარმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით შეასრულეს ამოცანა ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე, თუმცა უკრაინელ მაღალჩინოსანს დეტალებზე არ უსაუბრია.
„იქ გარკვეული ქვედანაყოფების მიერ გარკვეული ამოცანები შესრულდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავასაჯაროებთ, კონკრეტულად რა გაკეთდა, თუმცა ამ ამოცანებს თავი გავართვით. იმისთის, რომ იქ გავმაგრდეთ, უნდა გავდევნოთ მტერი, გავწმინდოთ ტერიტორია“, – აღნიშნა ანა მალიარმა.