უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, ბორისპოლის აეროპორტში აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების ფარგლებში, რიგით მეცხრე თვითმფრინავი დაეშვა.

მინისტრის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან დახმარების სახით 80 ტონა საბრძოლო ვაზნები მიიღო. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სახმელეთო ძალებს სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გადასცა. კერძოდ, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა სამხედრო საჭიროების აღჭურვილობა.

სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავები 8-9 თებერვალს ჩაფრინდნენ უკრაინაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადებით, უკრაინა აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას და პრაქტიკულ მზადყოფნას, ერთობლივად დაიცვან უკრაინის დემოკრატიული ღირებულებები.

მისი თქმით, პარტნიორების მიერ გადაცემული აღჭურვილობით პირველ რიგში, სასაზღვრო რეგიონში განთავსებული სახმელეთო ძალების სამხედროები აღიჭურვებიან. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინამ პარტნიორებისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.