უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის ორი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის ორი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმეროვმა ვიქტორ ზაიცევი და იგორ ოსტაპენკო გაათავისუფლა და მასშტაბურ „საკადრო წმენდას“ გეგმავს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილეების გათავისუფლება დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. თავად ბუდანოვთან კი გათავისუფლების გადაწყვეტილება არ შეთანხმებულა.
ამასთან, მედიაში აქტიურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ოფისში თავად ბუდანოვის გადადგომას გეგმავენ.