უკრაინის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ქალაქი ვუჰლედარი დატოვეს
უკრაინის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ უკრაინულმა სამხედრო დანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვუჰლედარი დატოვეს. მანამდე, რუსულმა მხარემ დასახლების დაკავების შესახებ განაცხადა.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“ აცხადებს, ალყაში მოხვედრის საფრთხის გამო უმაღლესმა სარდლობამ ქალაქიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
„ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, მოწინააღმდეგემ არ შეწყვიტა ვუჰლედარის დაკავების მცდელობები. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მოწინააღმდეგემ მიმართა რეზერვები ფლანგზე დარტყმების განსახორციელებლად, რამაც გამოფიტა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების თავდაცვა. მოწინააღმდეგის ქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. უმაღლესმა სარდლობამ გასცა ნებართვა ვუჰლედარიდან დანაყოფების გასაყვანად მანევრის ჩასატარებლად, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნების, ასევე მომდევნო მოქმედებების წარმოებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვუჰლედარის დაკავებას რუსეთის არმია 2022 წლის მარტიდან ცდილობს. ვუჰლედარი, რომელშიც ომამდე 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. დასახლება შემაღლებულ ადგილას ორი ფრონტის შესაყარზე მდებარეობს – აღმოსავლეთის დონეცკის ოლქში და სამხრეთის ზაპოროჟიეს ოლქში.