უკრაინის თავდაცის სამინისტრო - დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო შეკრებები დაიწყო, გაწვევას კი სავალდებულო ხასიათი ექნება
მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო შეკრებები დაიწყო, გაწვევას კი სავალდებულო ხასიათი ექნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა“ სამხედრო ფორმირებებს აძლიერებს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე „სპეციალური შეკრებებით“ ხორციელდება.
ამასთან დაკავშირებით შეკრებებში მონაწილეობა შეუძლიათ 55 წლამდე მამაკაცებს, რომლებსაც გარანტირებული აქვთ „ფულადი და მატერიალური უზრუნველყოფა, განთავსება და კვება.“
სამხედრო შეკრებები 90 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, 25 აპრილს, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა მოაწყეს პროვოკაცია აფეთქებებით არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის“ ე.წ. დედაქალაქში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ჯარები, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.