უკრაინის შსს-მ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტორობოტი გამოაქვეყნა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტორობოტი გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შსს „ტვიტერში“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი და უმაღლესი რადის დეპუტატი, ანტონ გერაშენკო ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებზე სოციალური ქსელში წერს.
დეპუტატის თქმით, მკვლელი, სავარაუდოდ, სადარბაზოში იმალებოდა და როდესაც ბაბჩენკო მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, ზურგიდან თავს დაესხა. როგორც გერაშენკო წერს, მკვლელმა სამი გასროლა განახორციელა, ამ დროს ჟურნალისტის სახლში, მისი მეუღლე და ქალიშვილი იმყოფებოდნენ. დეპუტატის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ჟურნალისტის მეუღლემ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ბაბჩენკო საავადმყოფოსკენ მიმავალ მანქანაში გარდაიცვალა.
გამომძიებლები ბაბჩენკოს მკვლელობის მოტივებთან დაკავშირებით ორ ვერსიაზე მუშაობენ. პირველი, მისი პროფესიული საქმიანობა, მეორე კი სამოქალაქო პოზიციაა. ახლა პოლიცია მიმდებარე ტერიტორიიდან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას ცდილობს. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელს თანამონაწილეებიც ჰყოლოდა.
კიევში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო 29 მაისს მოკლეს.
როგორც BBC წერს, არკადი ბაბჩენკო „მასკოვსკი კამსამოლეცში“ სამხედრო ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და სხვა გამოცემებთან.
BBC-ის ცნობით, ჟურნალისტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებს აშუქებდა.
ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ არკადი ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. 2012 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. მას დემონსტრაციაზე მასობრივი არეულობის მოწოდებაში ადანაშაულებდნენ.
BBC-ის ცნობითვე, 2017 წლის თებერვალში უსაფრთხოების მიზნით, პრაღაში გადასახლდა. ცოტა ხანში კი საცხოვრებლად კიევში გადავიდა, სადაც ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა. ასევე აშუქებდა ჩეჩნეთის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს.