უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დააკავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავდნენ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი აცხადებს, რომ დააკავეს პირები, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას გეგმავდნენ.
როგორც დენის მონასტირსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულები აპირებდნენ საპროტესტო აქციების მოწყობას როგორც კიევში, ასევე რამდენიმე ქალაქსა და რაიონში, მათ შორის სუმის, ჩერნიგოვოსა და ჩერკასის ოლქში.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიფინგზე უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ დაკავებული პირები კონკრეტულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ მოქალაქეებს, რათა მათ აქციებზე პოლიციასთან შეტაკებები მოეწყოთ.
უკრაინის შსს-ს ცნობით, იგეგმებოდა პოლიციელებზე და სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა. არეულობის მონაწილეები გეგმავდნენ საბურავების, ცეცხლმაქრების, კვამლის გამშვები ყუმბარებისა და ბუტაფორიული სისხლის გამოყენებასაც. აქციების ორგანიზაციისთვის გამოყოფილი იყო მილიონი გრივნა.
სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული აქციები არის ჰიბრიდული ომის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას.