უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი - უკრაინის სახმელეთო ჯარები პირველ რიგში ორიენტირებული არიან თავდაცვაზე
უკრაინის სახმელეთო ჯარები, პირველ რიგში, ორიენტირებული არიან თავდაცვაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება და მტრის დაღლა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით“, – განაცხადა სირსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში.
სირსკიმ აღნიშნა, რომ, მიუხედავად დანაკარგებისა, რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვება. ამასთან ერთად, რუსეთი იმედოვნებს, რომ დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა სამხრეთ ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში.
თავის მხრივ, უკრაინული ჯარები იწყებენ მცირე კონტრშეტევებს, რასაც სირსკიმ „აქტიური თავდაცვა“ უწოდა.
სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა ორივე მხარეს უფრო მცირე მასშტაბით მიმდინარეობს საბრძოლო მასალისა და ხალხის შესანარჩუნებლად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ისწავლა რეაგირება და დანაკარგების თავიდან აცილება.