უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსადრ სირსკი საკადრო ცვლილებების განხორციელებას აპირებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი საკადრო ცვლილებების განხორციელებას აპირებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ალექსადრ სირსკიმ განაცხადა, რომ ცვლილებები ზოგიერთი ბრიგადის მეთაურებს შეეხება და ეს მიზნად ისახავს უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მისივე განცხადების მიხედვით, ფრონტზე ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. სირსკიმ აღნიშნა, რომ ის აგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ ფრონტზე.
„სამი დღის განმავლობაში ცხადი გახდა, რატომ ხდება, რომ პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთსა და იმავე მაჩვენებლების პირობებში ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს მტრის თავდასხმების შეკავებას და პოზიციების დაცვას, სხვები კი – ვერა“, – განაცხადა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, სამხედრო შესაძლებლობები, პირველ ყოვლისა, ბრიგადების მეთაურზე, მისი მომზადების დონეზე, გამოცდილებასა და ადეკვატური, აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღების უნარზეა დამოკიდებული.
„ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მეთაური ვერ აკონტროლებს სიტუაციას, ხოლო მისის ქმედებები და ბრძანებები დაქვემდებარებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, მე იძულებული ვარ, მივიღო საკადრო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ცნობისთვის, 29 თებერვალს ალექსანდრ სირსკი დონბასში გაემგზავრა, მათ შორის, ავდეევკისა და კურახოვის მიმართულებით, სადაც, მისივე თქმით, გამოვლინდა ზოგიერთი მეთაურის მიერ დაშვებული შეცდომები. ვითარების სტაბილიზაციისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გასცა განკარგულება, მარაგიდან გამოიყოს საბრძოლო მასალის დამატებითი რესურსი და მატერიალური საშუალებები.