უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ოპერატიული ვითარება რთული რჩება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსადრ სირსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ოპერატიული ვითარება რთული რჩება. ამის შესახებ სირსკიმ ტელეგრამარხში მას შემდეგ დაწერა, რაც რუსეთის აქტიური საბრძოლო მოქმედებების მიმართულებები მოინახულა. კერძოდ, სირსკი იმყოფებოდა ფრონტის იმ მონაკვეთებზე, სადაც, მისი თქმით, არსებობს მტრის დანაყოფების წინსვლის საფრთხე.
„ვიმუშავე ორ ბრიგადაში, სადაც თანდათან რთულდება გარემოება და არსებობს მტრის დანაყოფების ჩვენი საბრძოლო დანაყოფების სიღრმეში წინსვლის საფრთხე“, -აღნიშნა სირსკიმ.
მთავარსარდლის თქმით, დეტალური ანალიზის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეზერვებით, საბრძოლო მასალებით, ასევე რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გასაძლიერებლად.
„ზოგადად, აღმოსავლეთ ფრონტზე ოპერატიული ვითარება რთული რჩება. მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევით მოქმედებებს და ძირითად ძალისხმევას მიმართავს ტერნას, ივანოვსკოეს, ბერდიჩის, ტონენკოეს, ვერბოვოსა და რობოტინოს რაიონებისკენ“, – განაცხადა სირსკიმ.
ამასთან, აღინიშნება, რომ ფრონტის სხვა მონაკვეთებზე რუსეთის აქტიურობა შესამჩნევად შემცირდა. მთავარსარდალი ვარაუდობს, რომ ეს მტრის დანაკარგების ზრდას უკავშირდება. სირსკის განცხადებით, ბოლო ორ კვირაში აქტიური ბრძოლების შედეგად მტერმა უკიდურესად დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა ყველა დასახლებული პუნქტი, რომელთა დაკავებასაც ის ცდილობდა, უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩა.