უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა სამჯერ გაზარდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა სამჯერ გაზარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდში სამჯერ გაზარდა ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა. ამის შესახებ განცხადება ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურ კრისტოფერ კავოლისთან სატალეფონო საუბრის დროს თქვა.

„განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე. ის დაძაბულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. მოწინააღმდეგემ სამჯერ გაზარდა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე. 80 თავდასხმა ხდება ყოველდღიურად. ჩვენი მებრძოლების სიმამაცისა და ოსტატობის დამსახურებით დაცვას ვინარჩუნებთ“, – წერს ზალუჟნი ტელეგრამარხზე.

ზალუჟნი ასევე ამახვილებს ყურადღებას სარაკეტო თავდასხმების შედეგად შექმნილ პრობლემებსა და რუსეთის მხრიდან დრონების გამოყენებაზე.

„ჩვენი პარტნიორები ხვდებიან უკრაინისთვის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების აუცილებლობას და დიდ ძალისხმევას დებენ ამაში“, – წერს ზალუჟნი.

რუსული საბრძოლო დრონები გუშინ ღამით შენიშნეს დნეპროპეტროვსკში. ღამის განმავლობაში მუშაობდა ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბოლო პერიოდში რუსეთის არმიამ განაახლა შეტევა დონეცკის ოლქში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები სამი მიმართულებით უტევენ უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს. ამასთან, უკრაინელები განაგრძობენ რუსეთის არმიის შევიწროებას სხვა რეგიონებში, მათ შორის ხერსონში.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, უკრაინის არმიამ ფრონტის სამხრეთში იერიში მიიტანა მოწინააღმდეგის ბაზირების პუნქტებსა და ლოჯისტიკურ ობიექტებზე. ოთხი დარტყმის შედეგად დაზიანებულია რუსეთის არმიის კუთვნილი ტექნიკა და საწყობები. უკრაინელი სამხედროების ცნობით, მათმა სარაკეტო-საარტილერიო ძალებმა 167 საცეცხლე დავალება შეასრულეს. განადგურებულია 32 ოკუპანტი.