უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს სამხრეთით წინ მიიწევენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს სამხრეთით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს სამხრეთით წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტის, მელიტოპოლისa და ბერდიანსკის მიმართულებებით.

რუსეთის არმია კი კვლავაც უტევს ავდეევკასა და მარინკასთან. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის არმიის შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის ჩრდილოეთის ფრონტზე, სადაც ხისტი ბრძოლები გრძელდება. ბოლო 24 საათში რუსეთი და უკრაინის არმიას შორის სხვადასხვა ოლქში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში ზაპოროჟიეს ოლქში მათ შეძლეს ორი რუსული კა-52-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდება.

რუსეთი განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე. თავდასხმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქი, სადაც იერიშის გამო ელექტროენერგია 10 000 ადამიანს არ მიეწოდებოდა. მანამდე, ამავე ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

ჯამში, ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა უკრაინაში რვა სარაკეტო და 82 საავიაციო იერიში განახორციელეს. შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვებიც. დაზიანებულია საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ორი რუსული ფრთოსანი რაკეტისა და 16 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.