უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ადასტურებს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ადასტურებს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში დაადასტურეს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს.

უკრაინელი სამხედროების თქმით, განადგურებულია სამხედრო საწყობები, სადაც რუსეთი საავიაციო ბომბებს ინახავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ აეროდრომზე რუსეთს დისლოცირებული ჰყავს თვითმფრინავები სუ-34, სუ-35 და მიგ-31. დაზიანდა თუ არა ეს ტექნიკა უკრაინელთა შეტევის შედეგად, ჯერ უცნობია.

უკრაინელების დარტყმის შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ჯაჭვურმა დეტონაციამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეტონაციის ფაქტი დაადასტურა და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო.