უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა მარცვლეულის დერეფანი კიდევ ერთხელ შეაჩერა
რუსეთმა მარცვლეულის დერეფანი კიდევ ერთხელ შეაჩერა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან. მათი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებმა უარი თქვეს უკრაინის პორტებში ხომალდების მოძრაობის კოორდინაციაზე, რომელიც შავი ზღვის ინიციატივის ფარგლებში მოქმედი ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას ემსახურება. შედეგად, სტამბოლში დგას მარცვლეულით დატვირთული ოთხი ხომალდი, რომელსაც პროდუქცია ეთიოპიაში უნდა ჩაეტანა, ასევე ჩერნომორსკის, ოდესისა და სამხრეთის პორტების დატოვებას ვერ ახერხებენ სხვა ხომალდები.
გაერო-ს მონაცემებით, მარცვლეულის დერეფნის საშუალებით უკრაინული პორტებიდან, 25 აპრილის მდგომარეობით, 28.9 მილიონი ტონა აგროპროდუქცია არის გატანილი აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში.