უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბახმუტთან სამხედროების ნაკლებობა აქვთ
უკრაინაში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით სამხედროების ნაკლებობა აქვთ და ეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ეთერში მე-5 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ალექსეი ტარასენკომ განაცხადა.
„ეს არა მხოლოდ დანაკლისია, ეს კრიტიკული დანაკლისია. ადამიანების ნაკლებობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. უფრო დიდ პრობლემასაც კი, ვიდრე საბრძოლო მასალის დეფიციტი“, – ამბობს ტარასენკო.
მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებაზე ჯარისკაცების დანაკლისის შევსება სათანადოდ ვერ ხერხდება. ამიტომ, მისივე თქმით, მოსალოდნელია დამატებითი მობილიზაცია და ეს, პირველ რიგში, ახალგაზრდა მამაკაცებს შეეხებათ.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრიანას მომავალ წელს სურს, ჯარში გაიწვიოს საზღვარგარეთ მყოფი მამაკაცები.